ქართული დემოკრატიის ინკვიზიცია - პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან და თანმდევ შედეგებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები
- Nino Rizhamadze

- Oct 18
- 9 min read
Updated: Oct 19
13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა და 16 ოქტომბერს საბოლოო, მესამე მოსმენით მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შედეგებს როგორც პარტიისთვის, ასევე მასთან დაკავშირებულად გამოცხადებულ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის. მიღებული ცვლილებები, არაკონსტიტუციურად გამოცხადებულ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს, უვადოდ უკრძალავს პარტიულ საქმიანობას, პასიურ საარჩევნო უფლებას და საჯარო თანამდებობების ფართო სპექტრის დაკავების უფლებას.
"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებების მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად ისინი ამზადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ კონსტიტუციურ სარჩელს და მოითხოვენ 10-მდე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ასაკრძალი პარტიების გარდა, მზადდება პირთა სია, რომლებსაც ამ პარტიებთან დაკავშირებულ პირებად გამოცხადებას უპირებენ და მათი საჯარო-პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას გეგმავენ.[1]
საგულისხმოა, რომ კანონების მიღებიდან მომდევნო დღეს, 17 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი წევრი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა[2].
საკანონმდებლო ცვლილებები გათვალისწინებულია ოთხ საკანონმდებლო აქტში:
- ორგანული კანონი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
- ორგანული კანონი - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
- ორგანული კანონი - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი
- "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი".
საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული პროცედურა
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ავტორები არიან პარლამენტში „ქართული ოცნების“ და„ხალხის ძალის“ წარმომადგენლები.[3] საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით - ბიუროზე რეგისტრაციიდან 3 დღეში სამი მოსმენით მიღეს.[4]
უკიდურესად სენსიტიური, კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებულად განხილვა, რომლის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციის მიღების მინიმალურიდროც კი არ ჰქონია, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებს.[5] ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის მიზნით კანონების შემოღების ამგვარი სტანდარტი, ქმნის მსუსხავი ეფექტის საფრთხეს პოლიტიკური მონაწილეობისათვის და ეწინააღმდეგება პოლიტიკური პლურალიზმის დემოკრატიულ პრინციპს.
ოთხი თვით ადრე, 2025 წლის 13 მაისს, „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებები შეიტანა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში, რომელიც უკავშირდება ე.წ. „მემკვიდრე“ ან „ფიქციურ“ პარტიას და მის პერსონალურ შემადგენლობას, რომლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.
დამატებით, 2004 წლის 29 მაისს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თუ პარტია საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში არ წარუდგენს ანტიკორუფციული ბიუროს, ან ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილ ყველა ასეთ საფინანსო დეკლარაციაში ასახული ყველა შემოსავალი და ხარჯი ნულის ტოლია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე აუქმებს აღნიშნული პარტიის რეგისტრაციას.
საკანონმდებლო პაკეტის შინაარსი
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება იწვევს:
პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას
ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას
არჩევნებში წარდგენილი პარტიული სიიდან პირის ამორიცხვას.
საკონსტიტუციო სარჩელის წარმდგენს შეუძლია მოითხოვოს იმ პირის პოლიტიკური, საარჩევნო და თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვა, რომელიც არაკონსტიტუციურად გამოცხადებულ პარტიასთან არის დაკავშირებული.
არაკონსტიტუციურად ცნობილ პარტიასთან „დაკავშირებულ პირს“ ეკრძალება:
პოლიტიკური პარტიის დაფუძნება
პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა
პოლიტიკური პარტიის წევრობა
პარტიის აღმასრულებელ და მაკონტროლებელ ორგანოებში, გამგეობაში, სარევიზიო კომისიაში ყოფნა
პარტიის წესდებით გათვალისწინებულ ნებისმიერ ოგანოში ყოფნა
პოლიტიკური შემოწირულების განხორციელება.
საარჩევნო მიზნებისთივს არაკონსტიტუციურად ცნობილ პარტიასთან „დაკავშირებულ პირს“ ეკრძალება:
საპარლამენტო არჩევნებში კანდიდტად მონაწილეობა
საკრებულოს/თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა
მერის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა.
„დაკავშირებულ პირს” პარტიულ-საარჩევნო საქმიანობის გარდა, დამატებით ეკრძალება:
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება
პოლიტიკური თანამდებობის დაკავება
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.
ცვლილებათა ძირითადი შინაარსი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში არის შეტანილი, ხოლო „საარჩევნო კოდექსში“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ამ შინაარსის თანმდევი ცვლილებები განხორციელდა.
კონსტიტუცური სარჩელის დაკმაყოფილებისა და პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია სავარაუდოდ ავტომატურად უქმდება, რამდენადაც სხვა პროცედურული მოწესრიგება ამ საკითხს, ცვლილებების მიხედვით, არ აქვს.
სხვა შედეგები კონკრეტული პირების პოლიტიკური არსებობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, დამოკიდებული იქნება კონსტიტუციური მოსარჩელის ინიციატივაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის ავტორს შეეძლება მოითხოვოს, რომ არაკონსტიტუციურად გამოცხადებულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის შექმნა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, პოლიტიკური პარტიის ორგანოს წევრობა, პოლიტიკურ პარტიაში პარტიული თანამდებობის დაკავება, საყოველთაო არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა, საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს წევრის ან არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების აკრძალვა, თუ ამას ითხოვდა მოსარჩელე და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.[6]
ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ევალება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სარეზოლუციო ნაწილშივე გამოაქვეყნოს იმ პირის მონაცემები, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური და საარჩევნო საქმიანობა და განსაზღვრული თანამდებობების დაკავების უფლება.[7]
ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსში”
საქართველოს საარჩევნო კოდქსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პირი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადებულ პარტიასთან დაკავშირებულ პირად მიიჩნევა, მასზე გავრცელდება შემდეგი შეზღუდვები:
არ შეიძლება შეყვანილი იყოს პარტიულ სიაში, ხოლო თუ უკვე სიაშია, ის ამოირიცხება პარტიული სიიდან
არ გატარდება რეგისტრაციაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად, ხოლო თუ უკვე რეგისტრირებულია, გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია
არ გატარდება რეგისტრაციაში საკრებულოს წევრობის დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად
არ გატარდება პარტიული სია ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი;
არ გატარდება რეგისტრაციაში მერობის კანდიდატად.
ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
სანქციის სახით ჯარიმა დაეკსირება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის ან არშეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით და რომლითაც პირს აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელისა და ამ ორგანოს წევრის თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.[8]
ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში: პირს, რომელზეც ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად ცნობილ პარტიასთან დაკავშირებულად გამოცხადების შესახებ, ეკრძალება პარტიის შექმნა, პარტიის წევრობა, რომელიმე პარტიულ სტრუქტურაში ყოფნა და პოლიტიკური შემოწირულობა.
არაკონსტიტუციურად ცნობილ პარტიასთან „პირის დაკავშირება“, კრიტერიუმების, დროითი განზომილებისა და პროცედურული გარანტიების არარსებობა
ცვლილებებით, საკონსტიტუციო სარჩელის წარმდგენს შეუძლია მოითხოვოს პირის პოლიტიკური, საარჩევნო და თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვა, რომელიც მოსარჩელის შეფასებით არაკონსტიტუციურად გამოცხადებულ პარტიასთან არის დაკავშირებული. თუმცა, არც საკანონმდებლო პაკეტში წარმოდგენილი ცვლილებები და არც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს რაიმე კრიტერიუმს, მახასიათებელს ან მდგენელს, რომლის საფუძველზეც იქნება შესაძლებელი პირსა და პარტიას შორის კავშირის დადგენა.
პირისა და პარტიის დაკავშირება დამოკიდებული იქნება კონსტიტუციური მოსარჩელის მოსაზრებასა და მის მიერ განსაზღვრულ გარემოებებზე, ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ექნება რაიმე ფორმალური კრიტერიუმი, რომელიც მიესადაგება ამგვარი კავშირის დადასტურებას ან უარყოფას.
ცვლილებების მიხედვით, პირთა წრე, ratione personae რომლებზეც საჯარო-პოლიტიკური თანამდებობების დაკავების, პარტიული საქმიანობისა და პასიური საარჩევნო უფლების აკრძალვა ვრცელდება - განუსაზღვრელია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საჯარო კომენტარების მიხედვით[9], "დაკავშირებული პირი" შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მათ შორის ისიც, რომელიც არაკონსტიტუციურად ცნობილი პარტიის წევრი არ ყოფილა. „დაკავშირებული პირი“ შესაძლებელია იყოს როგორც პარტიის ყოფილი ან/და მოქმედი რიგითი წევრი, აღმასრულებელი ან მაკონტროლებელი ორგანოს ყოფილი ან/და მოქმედი წევრი, ყოფილი ან/და მოქმედი ხელმძღვანელი ან პარტიის ხელმძღვანელი, ასევე, ნებისმიერი პირი, რომელიც მოსარჩელის მოსაზრებით შინაარსობრივად ან ფორმალურად უკავშირდება პარტიას, მიუხედავად იმისა, არსებობდა ან არსებობს თუ არა პირსა და პარტიას შორის პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი.
პასიური საარჩევნო უფლებისა და პარტიული საქმიანობის უვადოდ აკრძალვა და მისი წინააღმდეგობა განჭვრეტადობის პრინციპთან
შეტანილი ცვლილებებით, Ratione temporis დროითი ზღვარი არ არსებობს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ ითვალისწინებს რაიმე ვადას, რომლის გასვლის შემდეგ პირის მიმართ დაწესებული აკრძალვა გაუქმდება, ან პირობებს, რომლის აღმოფხვრის შემდეგ პირს შეეძლება აღიდგინოს კონსტიტუციური უფლებები.
ცვლილებების პაკეტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპებს[10] და კანონის განჭვრეტადობის, მკაფიოობის lex certa საერთაშორისო სტანდარტს[11]. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლი, მართალია, სახელმწიფოებს ფართო მიხედულობას ანიჭებს, თუმცა, პასიური უფლების შეზღუდვა კანონით უნდა იყოს განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნორმატიული შინაარსი საკმარისად მკაფიო და განჭვრეტადი უნდა იყოს. განჭვრეტადობის პრინციპი გულისხმობს, რომ პირს ნებისმიერ დროს და გონივრულობის ფარგლებში უნდა შეეძლოს წინასწარ განჭვრიტოს საკუთარი ქმედებების შესაძლო შედეგები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში მიიჩნევს, რომ არჩევანის თავისუფლება, ხმის მიცემის უნივერსალურ უფლებასთან ერთად, მოიცავს კანდიდატად რეგისტრაციის უფლებას. ამასთან, სასამართლო აღიარებს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არის რადიკალური ზომა და უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობის, ვიწრო ინტერპრეტაციის მკაცრ ტესტს და დაცული უნდა იყოს მყარი პროცედურული გარანტიებით.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 25-ე მუხლის ზოგად კომენტარებში ადამიანის უფლებათა კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლების ნებისმიერი შეზღუდვა დაფუძნებული უნდა იყოს ობიექტურ და გონივრულ კრიტერიუმებზე, რომლის საფუძველიც არ შეიძლება იყოს დისკრიმინაციული, მათ შორის პოლიტიკური კუთვნილება. დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური მოსაზრება არ შეიძლება გამოყენებული იყოს არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვის საფუძვლად. [12]
ამგვარ საკანონმდებლო შეზღუდვას, როგორც წესი არ უნდა ჰქონდეს რეტროაქტიული ძალა, ხოლო გამონაკლისი უნდა იყოს მკაცრად შეზღუდული, გადაუდებელი საჯარო ინტერესის არსებობის გათვალისწინებით და უნდა პასუხობდეს პროპორციულობის მკაცრ სტანდარტს. მიღებული ცვლილებების შინაარსი და "ქართული ოცნების" ლიდერების საჯარო შეფასებები ცვლილებების ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით, ამ სტანდარტებს ეწინააღმდეგება და ქმნის შერჩევითი გადაწყვეტილებების მიღების რისკებს, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა[13], რამდენადაც კონსტიტუცია ამომწურავად განსაზღვრავს პირთა წრეს, ვისაც ეკრძალება პარტიული საქმიანობა[14]. სხვა შემთხვევაში, პოლიტიკური თუ პარტიული საქმიანობის აკრძალვა, როგორც უკიდურესად რადიკალური ჩარევის ზომა, შესაძლებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ, ხოლო ინდივიდებზე ამგვარი აკრძალვის გავრცელება, საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი-სისტემისთვის შეუსაბამოა.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ გააჩნია კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა, საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებების გზით, ultra vires ტექნიკურად ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ პოლიტიკურ უფლებებს, გაერთიანების თავისუფლებას, საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეთა მიერ გაცხადებულ დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების პრინციპს, ეწინააღმდეგება და აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით დადგენილ დემოკრატიული მმართველობის ფორმას, პოლიტიკურ პლურალიზმს, თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალვას. რამდენადაც წარმოდგენილი ცვლილებებით შექმნილი მოდელი, „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს გააუქმოს მისთვის არასასურველი ოპოზიციური პარტიები და უფლებრივად გაანეიტრალოს მასთან დაკავშირებულად გამოცხადებული ნებისმიერი პირი.
პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ანტი-დემოკრატიული მოდელი
პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის განუყოფელი ნაწილია.[15]საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ პოლიტიკური პარტიები, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპული ნაწილი, მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობისა და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს.
პოლიტიკური პარტიის აკრძალვა დემოკრატიულ საზოგადოებაში იშვიათ, საგამონაკლისო მოვლენას წარმოადგენს. ყველა დემოკრატიული სისტემა პარტიული საქმიანობის აკრძალვის საფუძვლებს გამონაკლისის სახით აწესრიგებს და მოქმედებს უკიდურესი აუცილებლობისა და პროპორციულობის ტესტის გათვალისწინებით: პარტიის საქმიანობა ექვემდებარება შეზღუდვას/გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ წეს- წყობილებას და კონსტიტუციურ წესრიგს.[16]
უკიდურესად საგანგაშოა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერების საჯარო კომენტარები, რომლის მიხედვით, ისინი აპირებენ მოითხოვონ პოლიტიკურ არენაზე მყოფი თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვა.[17]
„პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და დაშლისა და თანმდევი ზომების სახელმძღვანელო პრინციპების“[18] თანახმად, სახელმწიფომ უნდა აღიაროს ყველა ადამიანის უფლება, თავისუფლად გაერთიანდეს პოლიტიკურ პარტიებში - ეს უფლება კი მოიცავს პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას. ამ ფუნდამენტურ უფლებაში ჩარევა და პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შეზღუდვა შესაბამისობაში უნდა იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების პრინციპებთან.
პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ან იძულებით გაუქმება შეიძლება გამართლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტია ძალადობრივი ხერხებით ცდილობს დემოკრატიული წეს-წყობილებისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობას, ან იყენებს ძალადობას პოლიტიკური მიზნებისთვის და ამ გზით ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.[19] ძალადობრივი მექანიზმების გამოყენებაში მოიაზრება შეიარაღებული დაპირისპირება, მოწოდება ან ასეთისთვის შეიარაღებული ჯგუფების შექმნა.
პოლიტიკური საქმიანობის რეგულირებისას საერთაშორისო პრინციპები და სტანდარტები ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და კოლექტიურ პასუხისმგებლობას შორის მკაფიო ზღვარს მოითხოვს. კერძოდ, სტანდარტით დადგენილია, რომ ინდივიდუალური წევრების ქცევისთვის არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკსიროს პარტიას, თუ ეს ქცევა სანქცირებული არ იყო პარტიის მიერ მისივე საქმიანობის ფარგლებში. არაკონსტიტუციურად ცნობილ პარტიასთან განუსასზღვრელი კრიტერიუმებით პირის დაკავშირება და შემდეგ მისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვა, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას.
პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ან გაუქმება, როგორც უკიდურესად რადიკალური და გადამეტებული ჩარევის ფორმა და საშუალება, შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში - როდესაც სერიოზული საფრთხე ექმნება თავისუფალ და დემოკრატიულ პოლიტიკურ წესრიგს ან პირთა უფლებებს, როდესაც ყველა სხვა ნაკლებად რადიკალური ჩარევით საფრთხე არ აღმოიფხვრა.
_________________________________
წარმოდგენილი ცვლილებები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პარალიზების, მედიის შეზღუდვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, "ქართული ოცნების“ მიერ ანტიდემოკრატიული, ერთპარტიული მმართველობის დაკანონებისა და ძალაუფლების უზურპაციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების ახალი ეტაპია. სამართლიანი სასამართლოს არარსებობის პირობებში, კოლექტიური პოლიტიკური პასუხისმგებლობის სამართლებრივ ინსტრუმენტად ქცევა, საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის უკიდურესად სახიფათო რისკებს ქმნის.
[2] „ირინე იმერლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა“; 18 ოქტომბერი, 2025. Civil.ge
[3] არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამმაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი.
[4] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 113-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კანონპროექტის დაჩქარებული წესითგანხილვადა მიღება გულისხმობს მის სამივე მოსმენით განხილვასა და მიღებას პარლამენტის პლენარული სხდომების 1 კვირისგანმავლობაში. პარლამენტის პლენარული სხდომის 1 დღეს კანონპროექტის განხილვა და მიღება დასაშვებიაერთზემეტი მოსმენით, მაგრამ არაუმეტეს ორისა. ამასთანავე, 1 დღეს დასაშვებია კანონპროექტის მხოლოდ მეორე დამესამემოსმენებით განხილვა და მიღება.
[5] ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისია) 2016 წელს შემუშავებული“კანონის უზენაესობის ნუსხა - სტანდარტები”.
[6] „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის„ბ“ ქვეპუნქტი
[7] Ibid., 43-ე მუხლის 1 5 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტი.
[9] „ოცნება“ გეგმავს, იმ პირებსაც აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა, ვინც არც ერთი პარტიის წევრი არაა”; ნეტგაზეთი, 15 ოქტომბერი, 2025 წელი.
[10] ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპები პოლიტიკური მონაწილეობის უფლებები ძირითადადგანსაზღვრულია: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლით; ადამიანის უფლებათა ევროპულიკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით; სამოქალქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 22-ე და 25-ე (ბ) პუნქტებით; 1990 წლის ეუთოსკოპენჰაგენის დოკუმენტით.
[11] იგივე, 58-ე პარაგრაფი, 25-ე გვერდი; 2016 წელი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: The Sunday Times v. the United Kingdom (No. 1), 6538/74, 26 აპრილი, 1979, § 46ff. წვდომასთან და განჭვრეტადობასთან დაკავშირებით:, იხილეთ, მაგ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: Kurić and Others v. Slovenia, 26828/06, 26 ივნისი, 2012, § 341; Amann v. Switzerland, 27798/95, 16 თბერვალი, 2000, § 50; Slivenko v. Latvia, 48321/99, 9 ოქტომბერი, 2003, § 100.
[12] ზოგადი კომენტარი #25: The right to participate in public affairs, voting rights and the right of equal access to public service (Art. 25) : 12/07/96. CCPR/C/21/Rev.1/Add.7, ზოგადი კომენტარი #25.
[13] საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიცშემდგომ განსაზღვრავს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს, კერძოდ, მერე პუნქტი განსაზღვრავს, რომსახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვერეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით. პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხისპოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათითავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს. საქართველოსკონსტიტუციით უზრუნველყოფილია გაერთიანების თავისუფლება. მისი ლიკვიდაცია შეიძლება მხოლოდ ამავეგაერთიანების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია დამონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში. დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლისმიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობისხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებსეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნატერიტორიული ნიშნით.
პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანულიკანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
[14] საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირს, რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ანსაზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა.
[15] ვენცესიის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის პოლიტიკური პარტიების რეგულირების სახელმძღვანელო პრინციპები,მეორე გამოცემა;
[16] PACE, რეზოლუცია #1308 (2002), 18 ნოემბერი 2002, პარაგრაფი 11: საქმიანობაზე დაწესებული შეღუდვების შესახებევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განაცხადა: პოლიტიკური პარტიების შეზღუდვა ან მათი გაუქმებაგამონაკლის ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაცპარტია იყენებს ძალადობას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სამოქალაქო მშვიდობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურწესრიგს. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, გაუქმებაზე ნაკლებად მკაცრი ზომები უნდა იქნეს გამოყენებული.
[18] ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისია) „პოლიტიკური პარტიებისაკრძალვისა და დაშლისა და თანმდევი ზომების სახელმძღვანელო პრინციპები“ CDL-INF(2000)001.
[19] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: საქმე: Sidepopoulos and others v. Greece (57/1997/841/1047), პარაგრაფი 46.



Comments